სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, არჩევნების გაყალბების მიზნით სავარაუდოდ პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს.
მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია არა აქვთ მათ, ID ბარათების დაბეჭდვა იგეგმება თუ ძველი მოწმობების.
„არ ვიცი, გარდა ამ ორისა, რაზეც მითითება იყო კონკრეტული, სხვა რეგიონებში ხდება თუ არ ხდება, ან რა მასშტაბით - 5 ადამიანზე ხდება თუ 50-ზე. ასეთი ინფორმაცია ჩვენთვის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის... სერიოზულ ბრალდებაზეა საუბარი, საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია და საგამოძიებო უწყებებს ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია და შემდეგ უკვე მათი პრეროგატივა არის ამ ინფორმაციის გადამოწმება,“ - ამბობს ბენიძე.
მიხეილ ბენიძის თქმით, მათ ასევე გადაამოწმეს წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ნაწილი დაემთხვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.