19 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"შეიმუშავეს, როგორც ჩანს, წარმოუდგენლად ანტისახელმწიფოებრივი მეთოდი და ბეჭდავენ პირადობის მოწმობებს" - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა იგეგმება.

საქმე ეხება მესამე სექტორის წარმომადგენლების მიერ დღეს გახმაურებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მათ დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.

ნიკა მელიას თქმით, გაყალბების და შანტაჟის მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შანსი არა აქვს.

„შეიმუშავეს, როგორც ჩანს, წარმოუდგენლად ანტისახელმწიფოებრივი მეთოდი და ბეჭდავენ პირადობის მოწმობებს,“ - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გაყალბების მექანიზმებს მოსახლეობის აქტიურობა შეუშლის ხელს.

„როგორ საუბრობთ რაღაც რევანშზე ან დესტაბილიზაციაზე, როდესაც პირველი ტურიდან დღემდე რითიც ხართ დაკავებული, ეს არის რევანში, უსწორდებით ყველა იმ ადამიანს, ვინც კი არ იყო თქვენი მხარდამჭერი. 10-მდე საბავშვო ბაღის დირექტორია დღემდე გაგდებული,“ - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელიას თქმით, არაერთი საჯარო მოხელე გათავისუფლდა პირველი ტურის შემდეგ, რადგან მათ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან წააგო.

ნიკა მელიას კრიტიკას ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, უპასუხა.

ვოლსკის თქმით, ნიკა მელიას განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები