19 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს შეხვდა - შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. მამუკა ბახტაძისა და დონალდ ტუსკის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დონალდ ტუსკი თავად დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში.

ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ტუსკმა არჩევნების პირველი ტურის შედეგები პოზიტიურად შეაფასა.

„პრეზიდენტ ტუსკის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ სწორედ ეს ახალი ფორმატი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო ახალ ეტაპზე, ახალ დონეზე აიყვანოს. ბატონი ტუსკი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს კამპანია მეორე რაუნდამდე. ძალიან პოზიტიურად შეაფასა პირველი რაუნდის შედეგები და ის პროცესი, როგორც ის წარიმართა. მან ხაზგასმით  აღნიშნა, რომ საქართველომ ძალიან კარგი რეპუტაცია დაიმკვიდრა ბოლო პერიოდში არჩევნების ჩატარების კუთხით და რა თქმა უნდა, გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი სულისკვეთებით ჩატარდება მეორე რაუნდიც,“-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, მამუკა ბახტაძისა და დონალდ ტუსკის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრეს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება, რომ რამდენიმე შეთანხმებას ხელი მოეწეროს და გამოიყოს ჯამში 231 მილიონ ევრომდე დახმარების სახით საქართველოსთვის.

„ის მიმართულებებია გამოყოფილი, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ მოხდეს ექსპორტის წახალისება. განსაკუთრებით ევროკავშირის ბაზარზე ინვესტიციის წახალისება სატრანსპორტო კავშირების გაბმა, ეს ყველაფერი იქნება განხილული და კონკრეტულ შედეგებსაც გამოვაცხადებთ შეხვედრის ბოლოს.  მეორე მიმართულება არის განათლება, მეცნიერება და  კულტურა. მესამე მიმართულება იქნება უსაფრთხოებაზე კონცენტრირებული, როგორც შიდა ასევე გარე უსაფრთხოება კიბერუსაფრთხოება, იქნება საუბარი ევროჯაზში გაერთიანებაზე,“- განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში და მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ. 

დღის ამბები