ბიზნესზე რეკეტს “ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ყოფილი მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, "სისულელეს" უწოდებენ.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა. ივანიშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ვინც ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს, ცრუობს.
„ძალიან ბევრი მისი საუბარი, რაზეც ის საუბრობს, ყოველთვის არის ფარსი. მარტო ელიზბარაშვილი არა, საერთოდ ყველა, ვინც საუბრობს არის ფარსი. ეს არის მორიგი სისულელე თქვენი ტელევიზიიდან. ეს არის სისულელე. თქვენ გაქვთ ფაქტები?-იმ რიტოტიკიდან რაც თქვენ გაგაჩნიათ გადამოწმებულია და არის“-ამბობს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ბიზნესი თავისუფალია და ბრალდება, რომ ბიზნესმენებს „ქართუ ბანკში“ მილიონობით ლარის შეტანას სთხოვენ, სიმართლეს არ შეესაბამება.