მმართველ პარტიაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყალბი პირადობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წევრებისთვის დაუჯერებელია, რომ ყალბი პირადობები იბეჭდებოდეს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა ამბობს, რომ მესამე სექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, რის გამოც, მიაჩნია, რომ გამოძიებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხები.
„ჩემთვის, უბრალოდ, წარმოუდგენელი არის ის ფაქტი, რაც გაჟღერდა პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, ეს რეალობასთან იყოს ახლოს. თუმცა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პროკურატურასთან ითანამშრომლოს ყველა მხარემ, რომ ამ დიდ ბრალდებაზე სათანადო პასუხები გაეცეს,“ - განაცხადა ქაცარავამ.
ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების ფაქტის ასევე არ სჯერა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბექა დავითულიანს. დავითულიანი ამ განცხადებაში მიზანმიმართულ კამპანიას ხედავს, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„მიზანმიმართულად მიმდინარეობს იმგვარი გარემოს შექმნის მცდელობა, რომ მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და ლეგიტიმურობაზე კითხვის ნიშნების გაჩენა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველა ინციდენტზე გვექნება უმკაცრესი რეაგირება კანონის ფარგლებში, ყველაფერი იქნება ბოლომდე გამოძიებული,“ - განაცხადა დავითულიანმა.
საქმე ეხება ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების შესახებ პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნას. ამ საქმეზე უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს სამოქალაქო სექტორის წევრების გამოკითხვა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.