გრიგოლ ვაშაძის ონის საარჩევნო შტაბის უფროსი მართვით სუნთქვაზეა. ცივი იარაღით დაჭრილი ნოდარ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ოპოზიციის წარმომადგენელი თერჯოლიდან თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში ოჯახის თხოვნით გადმოიყვანეს. ნოდარ ბურდილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის მდგომარეობის შესახებ დღეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
დავით სერგეენკო ამბობს, რომ დავით ბურდილაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და აცხადებს, რომ მას დახმარება დროულად აღმოუჩინეს.
სერგეენკოს თქმით, სიცრუეა ბრალდებები, რომ ბურდილაძეს მედიკოსები დროულად პოლიტიკური ნიშნით არ დაეხმარნენ.
“პაციანტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასეთი დაზიანებების შემდეგ, პაციენტს ძალიან სერიოზული ინტენსიური თერაპია სჭირდება. ახლა ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას, რადგან როგორც წესი, ასეთი დაზიანებები ხანგრძლივ მართვას მოითხოვს. პაციენტის პირველადი მონაცემები რაც იყო ნამდვილად ჰგავდა ავტოსაგზაო შემთხვევას, თუმცა მალევე, გასინჯვის დროს, აღმოჩენილ იქნა, რომ აქ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები იყო, დახმარება და ქირურგიული მკუნალობაც შესაბამისად წარიმართა“
“გუშინ მოვისმინე შეფასებები, რომელზეც გაოცებული ვარ. რანაირად შეიძლება ადამიანს ენა მოუბრუნდეს იმაზე და თქვას, რომ ექიმმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს შეგნებულად, რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ აღმოუჩინა დახმარება. ამაზე მძიმე შეურაცხყოფა ექიმისთვის არ ვიცი. არავის ვურჩევდი, რომ ექიმებისთვის ღირსების შელახვას ეცადონ,“-ამბობს სერგეენკო.
ონის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს "ქართული ოცნების" აქტივისტები ორი დღის წინ საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ და ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბურდილაძეს “ქართული ოცნების” აქტივისტები კახა ისაკაძე და გია მეტრეველი თავს პოლიტიკური საქმიანობის გამო დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ინციდნეტში მხოლოდ ისაკაძის მონაწილეობას ადასტურებს, რომელიც უკვე დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.