„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მოსკოვში ვიზიტს „ქართული ოცნების“ წევრები აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში პატრიოტების მოსკოვში ვიზიტში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის რუსეთთან კავშირზე საუბრობენ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი მათი პარტიული დღის წესრიგია, რასაც მმართველ გუნდთან კავშირი არ აქვს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი რუსეთის პოლიტიკაზე რაიმე სახის გავლენას ვერ მოახდენს.
„არსებობს ორი ფორმატი - ერთი, არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, საერათაშორისო, მეორე, არის პირდაპირი კავშირი სპეციალური წარმომადგენლების განსხვავებული შინაარსის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ჩვენ ვერ ვხედავთ საჭიროებას დამატებითი ფორმატის შექმნის, რადგან ამ შეხვედრებზე არ არის იმპულსები, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ახალი ფორმატია შესაბამისად გასახსნელი საუბრისთვის, ამიტომ, მათი წასვლა არის მათი პარტიული ინტერესი, პარტიული ხედვაა და ამ შემთხვევაში, მე უბრალოდ შემიძლია ვთქვათ, რომ არ ვეთანხმებით,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მოსკოვში ვიზიტს განაგრძობენ. ისინი კრემლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებიან და აფხაზეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან თანასწორ კონსულტაციებში მონაწილეობენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, რუსეთის სათათბიროში სიტყვით გამოსვლა რუსეთისათვის მადლობის გადახდით დაიწყო.