ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვა - არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, გიორგი ონიანის გამოკითხვა პროკურატურაში დასრულდა.
საქმე ეხება ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების შესახებ პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნას. ამ საქმეზე უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს სამოქალაქო სექტორის წევრების გამოკითხვა.
გიორგი ონიანის თქმით, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ყალბი პირადობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შესახებ გადაწყვტილება მათ ხელთ არსებული ფაქტების გადამოწმების შემდეგ გადაწყვიტეს.
ონიანი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას საკმარისზე მეტი ინფორმაცია აქვს, რათა გამოძიება ეფექტურად წარიმართოს.
„სარწმუნო რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამ ინფორმაციას არ გავავრცელებდით. ჩვენ სწორედ იმ განცხადებაშიც არის ნათქვამი, რომ ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ, ის დადასტურდა კონკრეტულად იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ ზუსტად მივლენილი სხვაგან. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ ეს ყველაფერი სარწმუნოდ,“ - განაცხადა გიორგი ონიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ უკვე სამი ადამიანი იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასახელებენ იმ პირს, ვინც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე მიაწოდა მათ ინფორმაცია, რადგან მათი თქმით, ეს პრინციპული საკითხია ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ სამოქალაქო სექტორთან.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.