გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ნოდარ ბურდილაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
დღეს ოპოზიციის წარმომადგენლის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ ბურდილაძეზე თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა და ორივე "ქართული ოცნების" აქტივისტია.
„მდგომარეობა ჩემი ძმის არის ძალიან მძიმე, აქვს წნევის ცვალებადობა, მაღალი ტემპერატურა ფილტვების ანთებით და მძიმე მდგომარეობა. რაც შეეხება მომხდარს, ჩემი ძმა სახლში იყო, არავისთან არ მისულა, არავის მიხტომია, მოხდა ინციდენტი...
"ონში ხომ ყველამ იცის ვისი აქტივისტები არიან. ონელებო, არ იცით ისაკაძე ვინ არის? პირველი შემთხვევა იყო? ჩემი ძმის იარაღი იმ წუთში მუშტი იყო, იმ არაკაცებისთვის იყო დანა და ა.შ.
"გთხოვთ, ონელებო ვეღარ გეხმარებათ ნოდარი ამ კვირაში, ვეღარ გეხმარებათ ორშაბათს და სამშაბათს და ძალიან გთხოვთ ოთხშაბათს გააკეთეთ ის, რასაც თვლით რომ ეკადრება ნოდარ ბურდილაძეს რაჭველობას და ონელობას,“-ამბობს ბურდილაძის და, ეკა ბურდილაძე.
საავადმყოფოში ნოდარ ბურდილაძის მოსანახულებლად საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძეც იმყოფებოდა, მისი თქმით, ის თავად ონელია და კარგად იცნობს ნოდარ ბურდილაძეს.
მისი თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას მომხდარზე და ფიქრობს, რომ კითხვებზე პასუხი გამომძიებამ უნდა გასცეს.
„უმიმესი შემთხვევაა ცხადია, ახლა ყველაზე მთავარია ნოდარის ჯანმრთელობის მდოგმარეობა იყოს უკეთესი, მე ნოდარს კარგად ვიცნობ ონიდან ვარ წარმოშობით, როგორც კი ეს ამბავი გავიგე, დავიწყე ინფორმაციის მოძიება. არ მაქვს ინფორმაცია და ამიტომ ჯერ გამიჭირდება თქმა. მე ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ ყოველთვის უნდა დაველოდოთ გამოძიებას იმიტომ, რომ ადამიანის წარსულის მიხედვით ვერ მოხდება შეფასება,“-ამბობს ჩიხრაძე.