19 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
არჩევნებმა შესაძლოა, გაყალბების უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწიოს - ოპოზიციის მტკიცებით, გადასატანი ყუთის მიტანის მსურველთა სია გაზრდილია

საპრეზიდენტო არჩევნებმა შესაძლოა გაყალბების უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწიოს. ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ მორიგ სქემას ასაჯაროებს, რაც სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მობილიზებას უზრუნველყოფს.

გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა რაოდენობა საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურის წინ საკმაოდ გაზრდილია. ოფიციალური მონაცემით, მეორე ტურის წინ გადასატანი ყუთის მიტანა ამომრჩეველთა დაუჯერებლად დიდმა რაოდენობამ მოითხოვა, მხოლოდ სამგორში ეს ციფრი 700%-ით არის გაზრდილი.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაარკვია, რომ პირები, რომლებსაც გადაადგილება არ უნდა შეეძლოთ, სრულიად ჯანმრთელები არიან და საარჩევნო უბანზე მისვლაც დამოუკიდებლად შეუძლიათ. ჯანმრთელი ადამიანების გარდა, გადასატანი ყუთების სიაში ისეთი ამომრჩევლებიც მოხვდნენ, რომლების მოცემულ მისამართზე საერთოდ არ ცხოვრობენ.

კიდევ ერთ ჩანაწერში, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია აქვეყნებს, ერთ-ერთი საარჩევნო კომისიის წევრი ადასტურებს, რომ მას გადასატანი ყუთების სიაში ოჯახის ჯანმრთელი წევრები იძულებით ჩააწერინეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ გადასატან ყუთებს გაყალბების ერთდროულად ორი სქემისთვის გამოიყენებს. 

ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ გამარჯვების მოსაპოვებლად გაყალბება არ სჭირდებათ.

კანონის თანახმად, გადასატანი ყუთით საერთო ამომრჩევლის სამ პროცენტზე მეტმა არ უნდა ისარგებლოს, თუმცა მეორე ტურის დროს კანონი ირღვევა. ირკვევა, რომ კანონის ეს მოთხოვნა დადგენილებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შეცვალა.

ოპოზიცია ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსაც გადაუგზავნის. გაერთიანებული ოპოზიცია მესამე სექტორს მონიტორინგში ჩართვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები