ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის შენობის წინ გუშინ, ღამით, ხმაური იყო. ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების სამსახურის თანამშრომელი და ქართული ოცნების აქტივისტები, თვითმხილველების განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მისულ ხალხს უთვალთვალებდნენ.
დაბურულშუშებიანი მანქანა, საიდანაც ვიდეოს იღებდნენ, დღის პირველი საათიდან ოფისის წინ იდგა.
ოპოზიციის წევრები მანქანასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ერთ-ერთი კორდინატორი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ტრენინგზე იმყოფებოდა, ოფისიდან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში გააჩერეს და დაემუქრნენ.
ისინი აცხადებდნენ, რომ ერთ-ერთი სააგენტოს თანამშრომლები არიან, რომელიც 5 დღის წინ დაფუძნდა და გუშინ ამუშავდა.
„მინდა, მივმართო შს მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც პირადად აკონტროლებს საარჩევნო პროცესს ზუგდიდში, სირცხვილია, როდესაც მერიის თანამშრომლებს თქვენ აძლევთ დავალებას, რომ ოპონენტებზე განახორციელონ უკანონო ფარული გადაღება,“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, სამივე პირი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.