19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
"საწვავზე ფასის მატება ხელისუფლების კარტერული გარიგების შედეგია" - გრიგოლ ვაშაძე

"საწვავზე ფასის მატება ხელისუფლების კარტერული გარიგების შედეგია და თანხა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ირიცხება," - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძე ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციების გამართვას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ნავთობპროდუქტებზე ფასი არ იკლებს, საქართველოა.

„მთელ მსოფლიოში ეცემა ნავთობის ფასები და ძალიან საგრძნობლად დაეცა, შესაბამისად, ეცემა ფასები ნავთობპროდუქტებზე. ერთადერთი ქვეყანა, მგონი, სადაც საერთოდ არავითარ გავლენას არ ახდენს ნავთობის ფასების ვარდნა ნავთობპროდუქტების და საწვავის ფასებზე, არის საქართველო და ეს იმიტომ ხდება, რომ აბსოლუტურად მონოპოლიზირებული არის ეს სფერო, შექმნილი არის კარტელი, რომელიც ერთმანეთთან ათანხმებს ფასებს და მთელი დამატებითი შემოსავალი, რომელიც ხალხის ჯიბიდან არის ამოღებული მიდის ე.წ. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში მათი კამპანიების დასაფინანსებლად იმისთვის, რომ გააგრძელოს საქართველოს ძარცვა. ყველამ ვიცით, საწვავის ფასი კატასტროფულად ურტყამს ყველაფრის ფასებს და განსაკუთრებით პროდუქტების ფასებს სწევს მაღლა და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ჩვენ იმიტომ, რომ მონოპოლიები, ბიუროკრატია და კრიმინალთან შეზრდილი ე.წ. ქართული ოცნება მოგვისპობს სახელმწიფოს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღეს ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციები გაიმართა. უკმაყოფილო მძღოლები და მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ. ისინი ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას ითხოვდნენ.

დღის ამბები