19 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
მასშტაბური ქველმოქმედება თუ ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მცდელობა - მთავრობის დაპირება ვალების გაუქმების შესახებ 

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები რეგიონებში კარდაკარ დადიან და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თუ ხელისუფლების რჩეულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, ვალებს აპატიებენ.

ვის ეპატიება გადაუხდელი სესხები და ვის არა - ეს დაზუსტებით არ იციან ეროვნულ ბანკში, არ იციან კომერციულ ბანკებში და სხვა საფინანსო ორგანიზაციებში. 

პოლიტიკური მოსყიდვის აშკარა ნიშნების გარდა, შეკითხვებს მთავრობის მიერ დასახელებული ციფრებიც აჩენს. მთავრობის მტკიცებით, ახალი წლიდან 600 000 ადამიანი საკრედიტო ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს, ანუ გამოდის, რომ პროგრამა თითქმის ყოველ მეხუთე ადამიანს შეეხება. ოპტიმისტური განცხადების ფონზე კი ყველაზე უცნაური, სტატისტიკაა. ეროვნული ბანკის ანგარიშების მიხედვით, გასულ წელს სესხების გადახდის პრობლემა საბანკო სექტორში 200 000 ადამიანს ჰქონდა. იმავე დოკუმენტით ირკვევა, რომ გასულ წელს უიმედო სესხების მოცულობა მხოლოდ 310 ლარი იყო, მთლიანი პორტფელის 1,2%. მთავრობის პროგრამის მასშტაბურობაზე საუბრობს საბანკო სექტორიც, თუმცა ზუსტი დეტალები და ციფრები იქ კვლავაც არ იციან.

კონკრეტულად, რას და როგორ ანგარიშობს ხელისუფლება, დეკემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი. 

მასშტაბური ქველმოქმედება, დიდი პოლიტიკური აფიორა თუ ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მცდელობა, რომელმაც ევროპაც კი გააოცა - ოპოზიცია 600 000 ბენეფიციარზე ძებნას აცხადებს და ამტკიცებენ, რომ მთავრობა ამჯერადაც გვერდს უვლის მთავარ პრობლემას, დაბალ ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბეს. ოპონენტები ხელისუფლების სხვა პროგრამებსაც ახსენებენ, როდესაც ხმაურიანი ანონსების ნაცვლად მოსახლეობამ გაცილებით მოკრძალებული რეალობა მიიღო. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები