19 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტინები - ფაქტის გასაჯაროებას გლდანის სტამბასა და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის კამათი მოჰყვა 

გლდანის სტამბასა და საბურთალოს მესამე საუბნო საარჩევნო კომისიას შორის ბიულეტენების მიღება-ჩაბარების აქტის საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა. საქმე ეხება სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრისთვის გადაცემულ დოკუმენტს. 

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში. როგორც საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, დოკუმენტი საჯაროა, თუმცა თუ კომისიის წევრს, „ნაციონალური მოძრაობიდან“, ქეთევან შარუხიას სურდა, რომ დოკუმენტი სხვისთვის გადაეცა, ამ შემთხვევაში მას კომისიისთვის ოფიციალურად უნდა მიემართა და გამოეთხოვა ის. მიღება-ჩაბარების აქტი ქეთევან შარუხიამ ზვიად კუპრავას გადასცა.

„არ ვახდენ ზეწოლას, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არის ჩვენი თანამშრომელი, არ ვეჩხუბები, სად ვეჩხუბები,“ - აღნიშნა საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კაკო ხუსკივაძემ.

საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრი, ქეთევან შარუხია აცხადებს, რომ მას ხუსკივაძემ თავად დაურეკა და განუცხადა, თუ რატომ მოხვდა ოქმი ზვიად კუპრავას ხელში.

„იმ დღეს დამირეკა ოლქის თავმჯდომარემ და მითხრა, რომ რატომ მოხვდა ზვიად კუპრავას ხელში  ეს მიღება-ჩაბარების აქტიო. თუმცა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას, მე ოფიციალურად გამოვითხოვდი თუ არაოფიციალურად, დოკუმენტი მაინც არის დოკუმენტი, ჩვეულებრივად, ზვიადმა წარმოადგინა ეს და აჩვენა. აქედან გამომდინარე, ამას მოჰყვა ამბავი,“- განაცხადა საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან შარუხიამ.

”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ამბობს, რომ მიღება-ჩაბარების ოქმს არ ჰქონდა ცესკოს წარმომადგენლის ხელმოწერა. კუპრავა ამბობს, რომ საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაღიზიანების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი, გლდანის სტამბაში აღმოჩენილი ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტენების ფაქტის შესწავლას პროკურატურისგან ითხოვს.

„მიღება-ჩაბარების ოქმში პრობლემა იყო ის, რომ ცესკოს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებლად უნდა დასწრებოდა, შესაბამისად, თავისივე ხელმოწერით დაედასტურებინა მიღება-ჩაბარების ოქმი, არ ესწრებოდა მიღება-ჩაბარებას და არ მოუწერია ხელი, რაც ნიშნავს, რომ ცესკო არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. იმიტომ აღმოჩნდა იქ იმდენი ათასი ყალბი ბიულეტენი და ხარვეზიანი ბიულეტენი, რომელიც შემდეგ უბანზე დატრიალდება ე.წ. სომხური კარუსელისთვის, რომ ცესკო არ ახორციელებს შესაბამის კონტროლს სტამბაზე და ეს დასტურდება იმ დოკუმენტით, სადაც არ არის ცესკოს წარმომადგენლის ხელმოწერა,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა“ "კურიერს" გუშინ, გლდანის სტამბაში სპეციალურ თაროზე მოთავსებული დიდი ოდენობით ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტენები უჩვენა და არ გამორიცხა, რომ მათი გამოყენება 28 ნოემბერს, არჩევნების მასიური გაყალბებისთვის მოხდეს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები