გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს კონკრეტული დარღვევები და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები გააცნო.
ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად უთანასწორო ბრძოლისა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო.
„ჩვენ ვხვდებით "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს და ვილაპარაკებთ იმაზე, რაც არის წინასაარჩევნო სიტუაცია, ეს არის ის უხეში დარღვევები, რომელიც ყოველდღე ვლინდება, ეს არის ის არნახული მასშტაბის გაყალბების მცდელობა, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს და ეს არის ის უთანასწორობა, მათ შორის ფინანსური, ადმინისტრაციული, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ და რომლის მიუხედავადაც, ჩვენ პირველი ტური მოვიგეთ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მიუხედავად სხვადასხვა გაყალბებისა და მოსყიდვების მცდელობისა, ბიძინა ივანიშვილი 28 ნოემბრის არჩევნებზე დამარცხდება.
„ივანიშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ძალადობით, ადამიანების დასახიჩრებით, სხვადასხვა რეგიონებში ამომრჩევლის მოსყიდვით, ყალბი პირადობების დაბეჭდვით და ასეთი ტიპის მეთოდებით, ის შეძლებს რომ შეცვალოს ის გარდაუვალი მარცხი, რაც დადგება მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის 28 ნოემბერს, თუმცა ეს არის შეუძლებელი და ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან მშვიდად, წყნარად მაგრამ ძალიან მტკიცედ შევცვალოთ ის რეალობა, რა რეალობამდეც ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა მიიყვანა,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.