„ქართული ოცნება“ მთელ ქვეყანაში ხმების მოსყიდვით არის დაკავებული. არასამთავრობო ორგანიზაციები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში იღებენ ცნობებს ახალი ფაქტების შესახებ საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ფული, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა პენსიონერებს დღეს ქუთაისში დაურიგეს. 30 ლარი - ეს არის თანხა, რომლის სანაცვლოდაც მმართველი პარტიის საარჩევნო წარმომადგენლები ხმებს სალომე ზურაბიშვილისთვის ყიდულობენ.
ფული მასობრივად დაარიგეს ქუთაისში მაისურაძის ქუჩაზე შუაღამისას. ნაწილს ფული დაურიგეს, მოსახლეობის ნაწილი კი უფასო ფულით მოატყუეს. კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივებს „ოცნების“ კოორდინატორებმა შეატყობინეს, რომ მათი პრობლემური სესხები „ქართუ ბანკმა“ დაფარა. სიები კი, სადაც ასეთი მოქალაქეების გვარები და მონაცემები წერია, ერთ-ერთ მაღაზიაში ადგილობრივი გამგეობიდან „ოცნების“ კოორდინატორზე გადასაცემად დატოვეს. ინფორმაცია გადამოწმების შემდეგ, ტყუილი აღმოჩნდა.
სესხების დაფარვას ჰპირდებიან ადგილობრივებს გურიაშიც. თენგიზ თარგამაძეს ასევე „ქართული ოცნების“ კოორდანტორმა უთხრა, რომ მისი 1300 ლარიანი სესხი განულდა. თუმცა ბანკში მისულ თარგამაძე, მალევე დარწმუნდა, რომ მოატყუეს და სახლში ისევ ბანკის ვალებით დაბრუნდა.
ფქვილი, ზეთი, შაქარი, კარტოფილი და ხახვი დაურიგეს ზუგდიდში დევნილებს, თუმცა ერთჯერადი დახმარება მხოლოდ იმ დევნილებს შეხვდათ, ვინც პროდუქტების სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ აგიტატორებს ხმის მიცემას დაპირდა და პირადობის მოწმობაც გადასცა.
სამოქალაქო სექტორი რეაგირებას აუდიტის სამსახურისგან, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებისგან ითხოვს, რომლის სახელითაც რეგიონებში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მანიპულირებენ. არასამთავრობოები მოქალაქეებს უბნებზე მისვლისკენ და სამოქალაქო ვალის მოხდისკენ მოუწოდებენ.