19 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები - არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობენ 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებსა და ძირითად ტენდენციებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, გამოიკვეთა ძირითადი ტენდენციები, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და ასევე სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს. სალაძის თქმით, ამას გარდა საია-ს დამკვირვებელმა კიდევ დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა.

სალაძის შეფასებით, მეორე ტურში უფრო სერიოზული დარღვევები გამოიკვეთა.

„ტენდენციები ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდა ამ კონკრეტული შემთხვევისა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი ეს არის ამომრჩევლის ნების ფარულობის პრობლემა, როდესაც ადამიანები პრაქტიკულად ძალიან ბევრ უბანზე, გამოდიან საარჩევნო კაბინებიდან და ისინი ღია კონვერტებით მიემართებიან, კონკრეტული პირები ხედავენ, თუ ვის მისცა ხმა ამა თუ იმ ამომრჩეველმა და შემდეგ ხდება კონვერტში მოთავსება და საარჩევნო ურნაში ჩაშვება,“ - განაცხადა სალაძემ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ უბნის გარეთ მობილიზებული კოორდინატორები ისევ ძირითად ტენდენციად იკვეთება. გარდა ამისა, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე მისი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ და ასევე, იყო მუქარა და ფიზიკური დაპირისპირება.

„გვქონდა ერთი ასეთი ფაქტი, როდესაც კონკრეტულად თანხის გადაცემა დააფიქსირა ჩვენმა დამკვირვებელმა და ეს ფაქტი ასევე უკავშირდებოდა გარეთ კოორდინატორების მობილიზებას და სწორედ უბნის გარე პერიმეტრზე მოხდა მსგავსი ფაქტი,“ - განაცხადა ბენიძემ.

საარჩევნო უბნის გარეთ კოორდინატორების მობილიზებას პრობლემად ასახელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. მისი თქმით, ამომრჩეველთა მობილიზაცია პრობლემა არ არის, თუმცა, მათზე საარჩევნო უბანზე მიყვანის მიზნით ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს.

„მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ და მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი დღის პირველ ნახევარში უფრო მეტად ფიქსირდებოდა, ეს იყო ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები. ასეთი 5 დავაფიქსირეთ ჩვენ და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მოხდეს გამოძიება. გარდა ამისა, ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტი გვქონდა, დაახლოებით, 14... ჩვენ გვქონდა ერთი ფაქტი სავარაუდო არჩვენების გაყალბებასთან დაკავშირებით, როდესაც მცდელობა იყო, რომ ჩაეყარათ ბიულეტინები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს და ამ პირის იდენტიფიკაცია მოხდა და ასევე, ერთი ფაქტი გვქონდა, როდესაც ადმინისტრაციულ რესურსებს ადგილზე, ზუგდიდში, გამოიყენებდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, როდესაც ის იყენებდა სახელმწიფო მანქანას,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები