19 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
თავს უფლებას მივცემ, წინასწარ, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მივულოცო ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს - კახა კალაძე

თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებას ეხმაურება. ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების გზავნილები პირველი ტურის შემდეგ მმართველმა პარტიამ გაიაზრა და დაიწყო მისი გამოსწორება.

„ჩვენთვის საგულისხმოა საზოგადოების გზავნილები, რომლებიც ჩვენ ამ არჩევნებში მივიღეთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ ამ გზავნილების ნაწილზე რეაგირება უკვე პირველი ტურის შემდეგ გასული ერთი თვის განმავლობაშიც კი დავიწყეთ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე თითოეული დღე დაეთმობა ჩვენი საქმიანობის, მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ამ პასუხისმგებლობას ჩვენ გაკისრებს ხალხის მიერ გამოცხადებული ძალიან მაღალი ნდობა,“ - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება.

„თავს უფლებას მივცემ, წინასწარ, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მივულოცო ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას, ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამის მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს,“ - განაცხადა კალაძემ.

რუსთავი 2-ს დაკვეთით Edison research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს  55%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 45% უჭერს მხარს.

დღის ამბები