„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებას ეხმაურება.
ნიკა მელიას შეფასებით, დღევანდელი არჩევნები დარღვევით წარიმართა, ამთ შორის, იყო მოსყიდვები და ძალადობის ფაქტები. მელიას თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ოფიციალური შედეგის გამოქვეყნებას ელის.
„ველოდებით უახლოესი საათები საბოლოო სურათს, თუმცა, ცხადზე ცხადია, რა ხდებოდა არჩევნების დღემდე, წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი, საარაკო, ვერ მოიფიქრებ, ჯანსაღ გონებაში ვერ მოიხარშებოდა ის სქემები, ის ძალადობის ახალი მეთოდები, შანტაჟი, მოსყიდვაზე აღარ მაქვს საუბარი, რამდენი ათას ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, რამდენი ათას ადამიანს აუკრძალეს ამ ე.წ. კრიმინალურმა ძველმა ბიჭებმა, ვინც არიან მიბმული, მჭიდრო კავშირში შსს-ს მაღალჩინოსნებთან. დავინახეთ, უნისონში მოქმედებდნენ შსს-ს მაღალჩინოსნები და ძველი ბიჭები და კრიმინალები. ამიტომ, ეს არჩევნები ვერ იწოდება არჩევნებად. საარჩევნო პროცესზე უარი თქვა ხელისუფლებამ, ეს არ იყო საარჩევნო პროცესები, ეს იყო მხოლოდ ხელის გადაგრეხვაზე, თავში ჩარტყმაზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
რუსთავი 2-ს დაკვეთით Edison research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 55%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 45% უჭერს მხარს.