„ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა,“ - ეს განცხადება, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას გააკეთა.
ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ბინძური კამპანია მიმდინარეობდა.
„ეს იყო ზიზღზე აგებული კამპანია ხელისუფლების მხრიდან და ეს იყო დამალული პრეზიდენტობის კანდიდატის კამპანია ხელისუფლების მხრიდან... სრულიად მკაფიო არის, რომ სასტარტო პოზიცია ქართულ დემოკრატიულ, პროევროპულ, ევროატლანტიკურ ოპოზიციას აქვს ძალიან მაღალი ხელისუფლების შესაცვლელად მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს. სრულიად მკაფიოდ ვხედავთ ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.
რუსთავი 2-ს დაკვეთით Edison research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 55%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 45% უჭერს მხარს.