ვითარება იძაბება ქვემო ქართლში, სადაც ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჯერ შუქი ჩააქრეს, შემდეგ კი ბიულეტენები ურნაში ჩაყარეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალისში 57-ე უბანზე ვითარება დღის მანძილზე რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე რამდენჯერმე გამოიძახეს საპატრულო ეკიპაჟი და ვითარება მხოლოდ ამის შემდეგ განიმუხტა.
საღამოს კი საარჩევნო უბანთან მდგარი მანქანიდან გამზადებული ბიულეტენები გადმოიტანეს და მას შემდეგ, რაც უბანზე შუქი ჩააქრეს, უცნობმა პირებმა დამკვირვებლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ბიულეტენები საარჩევნო ურნაში მოათავსეს.
„კურიერის“ გადამღებ ჯგუფს კი უბანზე შესვლის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
„რუსთავი2“-ის გადამღებმა ჯგუფმა იმ ავტომობილს მიაკვლია საიდანაც უკვე შემოხაზული ბიულეტენები გადმოიტანეს. მას შემდეგ რაც გადამღებმა ჯგუფმა ავტომობილის გადაღება დაიწყო, მძღოლმა ადგილი დატოვა.
მასთან ერთად უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან გავიდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
„ხმების დათვლის დროს შუქი ჩააქრეს. წინასწარ გამზადებული ბიულეტენები შეიტანეს შენობაში და შემდეგ ყუთში ჩაყარეს. როგორც ვიცი სულ 250 ბიულეტენი იყო“-ამბობს საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელი.
ეს არის უბანი, რომელშიც პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.