03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ მორიგ სკანდალურ ვიდეოკადრებს მთავარი პროკურატურა განცხადებით ეხმაურება.

”მასმედიის სხვადასხვა საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავებულები, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პროკურორის სატელეფონო ზარის შემდეგ გაუშვეს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. დაკავებულები პროკურორის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდნენ, ვინაიდან ისინი, როგორც ბრალდებულები, მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დააკავეს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მათი მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, სამართალდამცველთა მიმართ რაიმე სახის იძულებას, რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ადგილი არ ჰქონია,” - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების განმარტებითვე, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები. ხსენებული სისხლის სამართლის საქმე კი გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეომასალას, რომელშიც ასახულია, თუ როგორ აჩერებს პარტული ნასვამ პირებს. მოქალაქეები სამართალდამცველებს შეურაცხყოფას აყენებენ. სატელეფონო ზარის შემდეგ კი ნასვამი პირები გაათავისუფლეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პატრული, რომელმაც ისინი გააჩერა, სამსახურიდან გაუშვეს. 

 

დღის ამბები