საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ, ოფიციალური მოსკოვი თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გააკეთა.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების შედეგები საშუალებას მოგვცემს შემდგომში განვაგრძოთ მუშაობა რიგ სფეროებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით,“ - განუცხადა გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტს.“
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ყურადღებით ადევნებდა თვალს კრემლი - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი საქართველოსგან რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივების შეფასებას ელოდება.
"მხედველობაში ვიღებთ ინფომრაციას და კანდიდატის გამარჯვების ფაქტსაც, მაგრამ გვირჩევნია დაველოდოთ პირველ განცხადებებს და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივის შეფასებას,"- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
კონსტანტინე კოსაჩოვი კი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი აღდგება. სააგენტო "ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთთან დაკავშირებით მკვეთრ ცვლილებებს არ ელის, მაგრამ იმედოვნებს, რომ სივრცე დიალოგისთვის არ შემცირდება.
მისივე შეფასებით, ოპონენტებმაც აჩვენეს საკუთარი ძალა, ამიტომ პოლიტიკური განხეთქილება საქართველოში კვლავ აქტუალური იქნება. სენატორი არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდეს.