საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, შეაჯამა. პრემიერის თქმით, არჩევნები გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.
„მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის. ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს," - ამბობს პრემიერი.
მამუკა ბახტაძე ასევე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის გეგმას, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას შეეხება.
პრემიერის შეფასებით, თუ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ კვირას დაანონსებული აქციის დროს რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირდება, მას კანონის სახელით გაეცემა პასუხი.
მამუკა ბახტაძის თქმით, ხელისუფლება რევოლუციური და რევანშისტული სცენარის განხორციელებას არ დაუშვებს.
„არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროთ მათ, ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გუშინ გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. ოპოზიცია არჩევნებს არალეგიტიმურად თვლის, რადგან მათი განცხადებით, საარჩევნო პროცესი დარღვევების, ძალადობის და დაშინების ფონზე წარიმართა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ კვირას, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დააანონსა.