მმართველი გუნდი ეუთო-ს შენიშვნების და რეკომენდაციების შესრულების პირობას დებს.
ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელმაც დღევანდელი სესია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებით დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები ახსენა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებებს გულისხმობდა.
„ამ რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი პასუხისმგებლობა, პარლამენტის პასუხისმგებლობა და პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომელიც არის განსახორციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ, ალბათ, პირობა, რომ ეუთოს შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში,“ - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყო აგრესიული ფონი, არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.
„მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მთლიანობაში ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.