საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი, ნათია მეზვრიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება, რომელიც კვირას რუსთაველზე გაიმართება.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს კანონის ფარგლებში იმოქმედებს და აქტივისტების უსაფრთხოებას დაიცავს.
„შსს მოიქცევა ისევე, როგორც ყოველთვის იქცეოდა, კანონის ფარგლებში ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ამ უფლებას, შეკრებების და მანიფესტაციების დროს. ასევე, დავიცავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებენ და ვიმოქმედებთ, ბუნებრივია, კანონის შესაბამისად. უმთავრესი ამოცანა იქნება წესრიგის დაცვა,“ - ამბობს მეზვრიშვილი.
ნათია მეზვრიშვილი ასევე აცხადებს, რომ, თუ რაიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდება აქციის განმავლობაში, შსს შესაბამისად იმოქმედებს.
„თუ იქნება კონკრეტული მცდელობები რაიმე სამართალდარღვევის ჩადენის, კონკრეტული მცდელობები დანაშაულის, ბუნებრივია, ამაზე შსს რეაგირებას მოახდენს, მათ შორის, მოწოდებების გარეშეც,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
გუშინ გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. ოპოზიცია არჩევნებს არალეგიტიმურად თვლის, რადგან მათი განცხადებით, საარჩევნო პროცესი დარღვევების, ძალადობის და დაშინების ფონზე წარიმართა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ კვირას, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დააანონსა.