მოსკოვი საქართველოსთან მიმართებაში პოზიციას არ ცვლის. სერგეი ლავროვის მოადგილემ, მარია ზახაროვამ, ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა.
მარია ზახაროვას ჰკითხეს, იცნობენ თუ არა სალომე ზურაბიშვილს და რას ელოდებიან არჩეული პრეზიდენტისგან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ მომავალთან დაკავშირებით შეკითხვები თბილისის მისამართით უნდა დაისვას. ის ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ქართულმა მხარემ გაწყვიტა, რაც, მისივე თქმით, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების კოლოსალური შეცდომა იყო.
„თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ამ კუთხით სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, კარგადაა ჩვენთვის ცნობილი. რაც შეეხება, რას შეიძლება ველოდოთ, ეს შეკითხვა რუსეთის საგარეო უწყების მიმართ არაა. ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რაც კარგადაა ცნობილი. რუსეთი არ ყოფილა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა. ამასთან გვესმის, რომ ასეთი მდგომარეობით ზარალდება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა. სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც, სამწუხაროდ, არ უკავშირდება სახელმწიფოთაშორის ურთიერობას, იქნება ეს კულტურული, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული კავშირები გრძელდება, მაგრამ ეს ურთიერთობები რთულდება, რადგან არ არსებობს ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა ზახაროვამ.