ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია ბიძინა ივანიშვილმა იყიდოს.
როგორც ცნობილია, მმართველ გუნდში სამი ვერსია განიხილება-რეზიდენციის რესპუბლიკის სასახლედ გადაკეთება, შენობაში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსება, ან პრივატიზაცია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადმოტანა, ისეთივე მცდარი ნაბიჯი იქნება, როგორიც პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანა.
ხოლო რაც შეეხება პრივატიზებას, მისი აზრით, უცხოელი ინვესტორი ფულს არ გადაიხდის, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ შენობა ივანიშვილმა შეიძინოს.
„მართებულია თუ არა, რომ მაგალითად ამგვარად არჩეული პრეზიდენტი ასეთ სასახლეში იყოს, აქ ვეთანხმები, რომ ალბათ, არ უნდა იყოს ასეთ სასახლეში. პრივატიზებაზე როცაა საუბარი, არ გამოვრიცხავ, ვის აქვს პრივატიზების თანხები?- არ მგონია უცხოელი ინვესტორები დიდად დაინტერესდნენ. შესაძლებელია ისევ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაც გახდეს,“-ამბობს გიგი წერეთელი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ივანიშვილმა ხუთწლიანი მცდელობის შემდეგ მოახერხა გააკონტროლოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ის ფაქტიც კი, რომ ზურაბიშვილმა თავად განაცხადა ავლაბრის რეზიდენციაზე უარი, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის ივანიშვილი მარიონეტია.