აზერბაიჯანულ ციხეში გამოკეტილი ქვემო ქართლის მუსლიმი თემის ერთ-ერთი სულიერო ლიდერი, შეიხი მირთაღ ასადოვი არჩევნების დასრულების მეორე დღეს საპატიმროდან გაათავისუფლეს.
შეიხ მირთაღ ასადოვის მამა „კურიერს“ უყვება, რომ ისევე მოულოდნელი იყო მისი შვილის აზერბაიჯანული ციხიდან გათავისუფლება, როგორც დაკავება.
ქვემო ქართლის მუსლიმი თემის ერთ-ერთმა სულიერმა ლიდერმა და უფლებადამცველმა საპატიმროში 3 კვირა გაატარა, ნაცვლად აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ მისჯილი 30-დღიანი სასჯელისა.
შეიხ ასადოვი 7 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დააპატიმრეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი იყო. ასადოვი ახლა ბაქოშია და საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ შეიხის დაკავება შესაძლოა იყო ხელისუფლებებს შორის გარიგება და მისი წინასაარჩევნოდ პროცესებისგან გარიდება.
შეიხ ასადოვის საეჭვო დაკავების საქმეს სამი კვირის წინ 15 არასამთავროო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. მათ შორის იყო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, რომელიც ასადოვს უფლებების დაცვაში ეხმარება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ არჩევნების წინ ცოტა ხნით ადრე დაკავებული შეიხის, არჩევნების მეორე დღესვე ვადაზე ადრე გათავისუფლება, დაპატიმრების მოტივებს კიდევ უფრო საეჭვოს ხდის.
თამთა მიქელაძის ინფორმაციით, მირთაღ ასადოვი აზერბაიჯანელი სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია, რადგან მას ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათაც ის ინფორმაცია აქვთ, რასაც აზერბაიჯანული მხარე ოფიციალურად აცხადებს.