გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას, რომელიც სამუშაო ჯგუფის შექმნას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობას ეხება, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ისინი არც მოლაპარაკებას, არც არჩევნების შედეგების გაუქმებას და არც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას აპირებენ. “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე ამ თემაზე საუბარსაც კი არასერიოზულად მიიჩნევს.
„გვაქვს სხვა სერიოზული კითხვები? არის სხვა სერიოზული კითხვები? მე მგონი სერიოზულ საკითხებზე ვართ და თუ გაქვთ სერიოზული კითხვები მზად ვარ ვუპასუხო,“-განაცხადა კალაძემ.
კომენტარზე საერთოდ უარი განაცხადა პრემიერმა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ინაუგურაციისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
„ჩვენ დავინახეთ დღეს, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავყვეთ ჩვენს დღის წესრიგს. ჩვენი დღის წესრიგი ეს არის - ჩვენ ველოდებით ინაუგურაციას, ვემზადებით ამისთვის და ასევე ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.