ბრიუსელში ხვალ ნატოს მინისტერიალი იწყება. 4 დეკემბერს ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს 5 დეკემბერს დაგეგმილ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში.
„საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები წარდგებიან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წინაშე. განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ფართო სპექტრი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას“-ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.