ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას - პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის მოთხოვნები საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა.
გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.
ვაშაძის თქმით, პირველ რიგში, სასამართლოში შესატანად ამზადებენ სარჩელს, რათა მოითხოვონ არჩევნების შედეგების გაბათილება. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ფონი განსხვავებულია და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს.
ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემაზე მსჯელობის მიზნით კონსულტაციების გამართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვამზადებთ სასამართლოში სარჩელს იმისთვის, რომ გაუქმდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის პირდაპირი ნათელი მაგალითი და სამართლიან და თავისუფალ არჩევნებთან, რაც არის მთავარი ფუნდამენტი ნებისმიერი არჩევნების, არაფერი საერთო არ ჰქონდა იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
„ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რადგან ვფიქრობთ, რომ სრულიად განსხვავებული არის პოლიტიკური გარემო ამ ე.წ. არჩევნების შემდეგ. აქვე, გვინდა, დავაზუსტოთ, რომ ვითხოვთ, რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, რისთვისაც ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, გვიხარია, რომ ამ მოთხოვნას იზიარებს სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი.
„უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო თავიდან ბოლომდე, რომ ის არ იყოს ტოტალური კონტროლის, დაშინების მექანიზმი, არამედ იყოს გარანტი იმის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს კომპლექსური ცვლილებები და შეთავაზებები, რომლის განხილვასაც დავიწყებთ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ „ქართულ ოცნებასთან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ კანონში უნდა ჩაიდოს ამკრძალავი ნორმები საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, რათა ისინი არჩევნების პერიოდში პარტიულ წარმომადგენელს არ გაუთანასწორდნენ.
ოპოზიციის წინადადებაზე დასათანხმებლად ვადა ხელისუფლებას, 16 დეკემბრამდე აქვს.