ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და ოპოზიციას დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს "ქართული ოცნება". განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებაც.
მისივე თქმით, არეულობის ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლებისგან ადეკვატური პასუხი გაეცემა.
"შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა, ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი, რა თქმა უნდა, კანონიდან გამომდინარე და კანონის ფარგლებში,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
კობახიძე ასევე ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ კონსულტაციების მიზნით შეიქმნას 5 კაციანი ჯგუფი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობდა.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ წაგების შემდეგ ექნებოდა აუცილებლად დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა გუშინ გამოჩნდა ის, რასაც ვამბობდით, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არა აქვთ, რომ მათ არა აქვთ ხალხის მხარდაჭერა, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენს პროცესებში რაიმე დესტაბილიზაციის შეტანას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არა აქვთ. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას ჩვენს ქვეყანაში," - განცხადა კობახიძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს. გაერთიანებული ოპოზიცია ამ მიზნების მისაღწევად კონსულტაციებს იწყებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან და მმართველ გუნდს დროს 16 დეკემბრამდე აძლევს.