საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. „ქართულ ოცნებაში“ ინფორმაციას არ უარყოფენ, თუმცა ვინ დატოვებს და ვინ შეინარჩუნებს პოსტებს, მმართველ გუნდში არ კონკრეტდება.
საინფორმაციო სააგენტო „პირველი რადიო“ კი იმ მინისტრთა ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც პოსტებს შესაძლოა, სწორედ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაემშვიდობონ.
ესენი არიან: თავდაცვის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ ჩაანაცვლოს. რაც შეეხება მაია ცქიტიშვილსა და ივანე მაჭავარიანს, მათი შემცვლელების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
„მთავრობის თავმჯდომარემაც დაადასტურა ეს, საზოგადოებას ძალიან დიდი მოლოდინი აქვს, ჩვენც ველოდებით, რომ შიდა კონსულტაციები დამთავრდება და მიიღებს ძალიან კონკრეტული ხედვის, პოლიტიკური ნების დემონსტრირების ფორმას საზოგადოებისადმი, რომელიც დარწმუნდება თუ რას ნიშნავდა ეს ერთ წელიწადში მოსალოდნელი ცვლილებები და მათ შორის შესაძლოა იყოს საკადრო გადაწყვეტილებებიც ცხადია,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.