„ეს არის უარის თქმა 800 ათას ამომრჩეველთან დიალოგის წარმოების, რაც მათი მხრიდან არასწორია და ეს სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს,“- ასე გამოეხმაურნენ გაერთიანებულ ოპოზიციაში მმართველი გუნდის პასუხს კონსულტაციებთან დაკავშირებით. განცხადება „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ გააკეთა.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის უარი დიალოგზე არასწორი გადაწყვეტილებაა.
გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ფართომასშტაბიან და მრავალპარტიულ კონსულტაციებს იწყებს.
ოპოზიცია მოლაპარაკებებში ჩართვას ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის მმართველ გუნდს სთხოვს.
გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა თუ საარჩევნო სისტემის ძირეულ რეფორმაზე კონფერენციის გამართვასაც აპირებს.
„სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აკეთებს დასკვნებს, არ გამოდის იმ რეალობიდან, რაც შექმნილია. ოპოზიციური ერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით აიძულებს „ქართულ ოცნებას“, გარკვეულ დათმობაზე წავიდეს,“- განაცხადა პაატა დავითაიამ.