კონსულტაციების პირველი რაუნდი პარტნიორ პარტიებთან - გაერთიანებული ოპოზიცია "ევროპულ საქართველოსა" და რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს "ლეიბორისტების" ოფისში იკრიბება. სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება როდის შეიტანენ იურისტები საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით სარჩელს. ოპოზიცია ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მისი მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევს.
"რაც არ უნდა იუაროს უმრავლესობამ და "ქართულმა ოცნებამ," მაინც მოუწევს ამ დათმობებზე წამოსვლა, უფრო სწორად ვაიძულებთ, რომ წამოვიდეს ამ დათმობებზე. იმიტომ კი არა, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნა არის, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის იმ ასი ათასობით ადამიანის მოთხოვნა, რომელმაც არჩევნებში "არა" უთხრა "ქართულ ოცნებას,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტური ტოტალურად გააყალბა. მისი თქმით, ოპოზიციამ მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოახერხოს.
"მარტივად დავარქმევ ამას ფორმულას იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის 28 ნოემბერს ქართველ ხალხს თავზე გადაახია არჩევნები, ბიულეტენები, ხვდებით ხომ? უნდა შევცვალოთ ეს რეალობა,"- აცხადებს ქარდავა.
ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე
პაატა დავითაიაც. მისი თქმით, სწორედ ერთიანი პოზიცია იქნება ხელისუფლებასთან ბრძოლის მთავარი ბერკეტი.
"ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციის სპექტრი იყოს ერთიანი ამ სიტუაციაში იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნება გამოყენებული ბერკეტად ხელისუფლების წინააღმდეგ,"-აცხადებს პაატა დავითაია.