19 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსულტაციო საბჭო შექმნეს - საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, 3 მოთხოვნა სახელდება

ოპოზიციური სპექტრი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ერთიანდება.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული კონსულტაციები, დღეს კონკრეტული შედეგით დასრულდა. შეიქმნა ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

"ყველა აბსოლუტურად, ოპოზიციური პარტია მხარს უჭერ სამ მოთხოვნას - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო კომისიების,  დაწყებული საარჩევნო კომისიიდან, საუბნო კომისიამდე, მათი დაკომპლექტების წესების ძირეული ფუნდამენტალური  სამართლიანობისკენ მიმავალი ცვლა და მესამე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. იმიტომ, რომ ამ პირობებში საქართველო ვერც პოლიტიკურად  იარსებებს, ვერც ეკონომიურად იარსებებს. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ყველა მომდევნო არჩევნები დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში ემსგავსება იმ უმსგავსობას, რაც მოხდა მეორე ტურში,“-აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად დაანახა ყველას, რომ 2020 წლამდე ყველაფრის ამ პირობებში დატოვება ნიშნავს, რომ დემოკრატია დასამარებულია.

„ხელისუფლების ცვალებადობის საარჩევნო გზა არის გაუქმებული და მთელი ოპოზიცია ამას ხვდება. მთელი ოპოზიცია მინუს "ქართული ოცნება" თუ ამ ვითარებაში მათ ჰგონიათ,რომ დიდხანს გააგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას ძალიან ცდებიან,“-ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

”ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯდომარე აკაკი ასათიანი ამბობს, რომ მოქმედი პარლამენტი ქვეყანაში არსებულ განწყობებს აღარ ასახავს.

„ჩვენ ვეთანხმებით სამივე მოთხოვნას ოღონდ თანმიმდევრობა ბუნებრივია. ჯერ უნდა გაირკვეს ადმინისტრირება, როგორი იქნება არჩევნები რამდენად აზრი ექნება მის ჩატარებას მეორე პროპორციული და მერე დგება დღის წესრიგში ვადამდელი,“-ამბობს ასათიანი.

„ისევე როგორც ფულით ნაყიდი სიყვარული არალეგიტიმური და უკანონოა, ასევე ფულით ნაყიდი ძალაუფლება და არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა“-ამბობს პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი.

მისი თქმით, მმართველმა ძალამ კარგად უნდა გააცნობიეროს როდის არის დრო მოსვლის და როდის წასვლის.

„არის დრო ქვების შეგროვებისა და არის დრო ქვების სროლისა. დღეს მათ მიმართ ქვების სროლის დრო დადგა“-ამბობს ნათელაშვილი.

გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი პაატა დავითაია ამბობს,რომ შეიქმნა ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო. მისი განცხადებით, ხელისუფლების ყველა ოპონენტისთვის გაერთიანებული ოპოზიციის კარი ღიაა.

„პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭო ისევ შეიკრიბება და ჩვენ კონკრეტულად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“-ამბობს დავითაია.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში არაფერი არარეალური არ არის, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება.

„იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ნება გაჩნდეს საჭიროა ზეწოლა მთავრობაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარედან. ამ პირობებში შესაძლებელი იქნება იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებზეც დღეს ჩვენ ვლაპარაკობდით,“-ამბობს თარხნიშვილი.

დღის ამბები