19 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში - საორგანიზაციო ჯგუფი თელავში ჩავიდა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება. მზადება 16 დეკემბრისთვის თელავში უკვე დაწყებულია.

ცერემონიის საორგანიზაციო კომისიის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში ჩავიდნენ. ისინი კონკრეტულ ლოკაციებს შეათანხმებენ და გადაწყვეტენ, რა ფორმა ექნება ინაუგურაციას.

„კურიერთან“ ერეკლე მეფის სასახლის დირექტორმა, გურამ ჩოხიშვილმა ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ ღონისძიება სასახლის ეზოში გაიმართება. 

„იყვნენ უკვე წარმომადგენლები, რომლებმაც შეარჩიეს ადგილები, თუმცა არ უთქვამთ, რომელი ადგილი შეარჩიეს. ის რომ უკვე ცხადია, რომ ბატონის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება, ეს ვიცი, მაგრამ რომელი კუთხე აარჩიეს და რომელი იყო უფრო მათთვის პრიორიტეტული, ეს მე არ ვიცი. მათ მხოლოდ ტერიტორია სჭირდებათ. შიგნით მუზეუმში საექსპოზიციო დარბაზები და საცავები, მათ არ აინტერესებთ, არ შედის ინაუგურაციის წარმართვაში.

"მე, მაგალითად, ამას დადებითაც ვუყურებ, იმიტომ, რომ აუცილებელი არ არის, ყოველთვის დედაქალაქში გაკეთდეს მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია, კარგია თუ ისტორიულ კუთხეებსა და პერიფერიებში მოხდება და მთელ საქართველოს მოიცავს. თავისთავად ცხადია, რომ გვიან შუა საუკუნეებში ტონის მიმცემი იყო თელავი, როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული, მთელი საქართველოსი, სამეფო რეზიდენცია იყო. ერთადერთი სამეფო რეზიდენცია შემორჩა და, ალბათ, უფრო უპრიანია, რომ აქ ჩატარდეს,“- განაცხადა ერეკლე მეფის სასახლის დირექტორმა, გურამ ჩოხიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები