19 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ - ომბუდსმენი წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს

უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ - ასე აფასებს სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პერიოდში შეტევას მესამე სექტორზე.

ნინო ლომჯარიამ გასული წელი შეაჯამა. ომბუდსმენმა წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ისაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.

შემაჯამებელ დოკუმენტში მოხვდა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი, რომელსაც ნინო ლომჯარია საკმაოდ კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ პოლარიზებულ ვითარებაში და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე წარიმართა საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველი, ასევე მეორე ტური.

„ძალიან დაძაბულ, პოლარიზებულ ვითარებაში და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდი, განსაკუთრებით კი მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის,“ - ამბობს ომბუდსმენი.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, განსაკუთრებით აგრესიული კამპანია იყო მიმართული არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ.

„უპრეცენდენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩევლებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლის და მოსყიდვის შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტების შესახებ ინფორმაცია,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მის შემაჯამებელ განცხადებაში გამოეხმაურა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში, სახელმწიფო უწყებების მუშაობას და ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

ნინო ლომჯარიას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და ამბობს, რომ, მაგალითად, ხონის და ბედიანის დაწესებულებებში არაადამიანურ მდგომარეობაში იმყოფებიან პაციენტები.

ანგარიშში ასევე მოხვდა შრომითი უსაფრთხოების ირგვლივ არსებული პრობლემები. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ 2018 წლის გაზაფხულზე შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმები ამოქმედდა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან სტატისტიკა შემაშფოთებელია.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით 77 ადამიანი დაშავდა შრომითი საქმიანობის განხორციელების დროს და აქედან 35 ადამიანი გარდაიცვალა. 

დღის ამბები