03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
რა ბედი ელის საკუთარი ბინიდან გამოსახლებულ სოციალურად დაუცველ ირმა ფიცხელაურს?

საკუთარი ბინიდან გასახლებული ირმა ფიცხელაური სპეციალური კომისიის დასკვნას ელოდება. მისი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის საკითხი რაიონის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწვიტოს. მანამდე კი სოციალურად დაუცველ ქალს სახლის სადარბაზოში უწევს ცხოვრება. 

ირმა ფიცხელაური იმის გამო, რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვს, იძულებულია ცხოვრება სადარბაზოში გააგრძელოს. გამოსახლების შემდეგ ირმა ფიცხელაურს საწოლიც არა აქვს. მას ღამით ნახევრად დანგრეულ სადარბაზოში სკამზე სძინავს.

ფიცხელაური მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქმრის ოჯახის წევრებმა, მისმა გერებმა სახლიდან გამოაგდეს. დავა ახლა სასამართლოში მიმდინარეობს. ქუჩაში დარჩენილი ქვრივი კანონიერ წილს ითხოვს.

ირმა ფიცხელაურის შესახებ ინფორმაცია ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აქვთ. მუნიციპალიტეტი ბინის დაქირავებას დაჰპირდა. თუმცა კვირაზე მეტია ფიცხელაური ღამეს ისევ სადარბაზოში ათევს. დროებით საცხოვრებელში ფიცხელაურს მას შემდეგ გადაიყვანენ, რაც საქმეს სპეციალური კომისია განიხილავს. ამ სხდომის თარიღი კი უცნობია.

ირმა ფიცხელაური ერთ-ერთია ასობით ადამიანს შორის , რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ.

უსახლკაროდ დარჩენილთა ზუსტი სტატისტიკა ამ დრომდე არ არსებობს, ამიტომ გაურკვეველია, რა ბედი ელით ადამიანებს, რომლებიც გამოსახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ, ქუჩაში რჩებიან. 

 

სიუჟეტის ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ნიკა ლეჟავა.

 

  

დღის ამბები