03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
დირექტორისა და მასწავლებლის ჩხუბი სამასწავლებლოში და მოსწავლეების შიმშილობა - რა მოხდა ქობულეთის სკოლაში?

ქობულეთში, სოფელ აწყვისთავის სკოლაში დირექტორსა და მასწავლებელს შორის ჩხუბი სამასწავლებლოში პედაგოგებისა და ბავშვების თვალწინ მოხდა. 

დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, სკოლის 4-მა მოსწავლემ დღეს შიმშილობა დაიწყო.

უფრსოკლასელები აცხადებენ, რომ მათ ექსტერნად დანიშნული გამოცდები ვერ ჩააბარეს, რაშიც ისინი სკოლის დირექტორს ადანაშაულებენ. მოსწავლეების ინფორმაციით, შორენა მენაღარიშვილმა ისინი შეცდომაში განგებ შეიყვანა.

სკოლის დირექტორს მოსწავლეების მშობლებიც დაუპირისპირდნენ. პედაგოგების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის დედა, რომელიც ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგია, სკოლის დირექტორს ფიზიკურადაც გაუსწორდა.

სამასწავლებლოში მომხდარ ინციდენტზე თავად სკოლის დირექტორიც ლაპარაკობს. თუმცა შორენა მენაღარიშვილი მოსწავლეების ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესში არ ჩარეულა.

ჩხუბის ფაქტს ისტორიის მასწავლებელიც ადასტურებს.

მოსწავლეების მიმართ აგრესიას მშობლებიც და მასწავლებლებიც პოლიტიკური ნიშნით ხსნიან.

დღის ბოლოს უფროსკლასელებთან განათლების სამინისტროს რესურსცენტრის თანამშრომლები მივიდნენ. შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

აჭარის განათლების სამინისტრო ქობულეთის სკოლაში მომხდარ ინციდენტს იკვლევს. თუმცა მანამდე უკვე არსებობს დიციპლინური კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც სოფელ აწყვისთავის სკოლის მასწავლებელი სამსახურიდან დირექტორთან მომხდარი დაპირისპირების გამო გაათავისუფლა. 

წესრიგის შესანარჩუნებლად სკოლის ეზოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ისევ მორიგეობენ.

 

სიუჟეტის ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, თეა ვაშალომიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები