„ეს ადამიანი დღეს არის პოლიტიკური გვამი" - ასე ეხმაურებიან ოპონენტები ოპოზიციისადმი აჭარის მთავრობის მეთაურის მუქარას. მათი თქმით, რეგიონის უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან საჯაროდ აგრესიული განცხადებების გაკეთება დაუშვებელია.
ოპოზიციის შეფასებით, ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.
„ეს არის აჭარის მთავრობის პირველი პირი. ეს არ არის გამგებელი, ბიბლიოთეკის გამგე. ეს არის რეგიონის პირველი პირი, რომელიც ხმარობს სიტყვას - საკონტროლო გასროლა, შური იძიოს. ეს ადამიანი დღეს არის პოლიტიკური გვამი. რაც მან გააკეთა, მიუთითებს, რომ ის არის პოლიტიკური გვამი,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპების" ხელმძღვანელმა, ჯელალ ქიქავამ.
პარტია ”ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძე თორნიკე რიჟვაძეს უსუსურ პიროვნებად მოიხსენიებს.
„ამ ახალგაზრდა ბავშვზე, ყმაწვილზე არასდროს კომენტარი არ გამიკეთებია, იმდენად უსუსური პიროვნებაა. პირველი პრობლემა არის იმაში, რომ მას წარმოდგენა არ აქვს აჭარის მოსახლეობის დეფინიციის განსაზღვრებისას, როდესაც ის ხმარობს ტერმინს - აჭარელი ხალხი. პრობლემა არ არის ამ ახალგაზრდა კაცში და იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ქვეყანას მართავენ. ქართული პოლიტიკის პრობლემაა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რაც სწრაფად მოშორდება ქვეყანას, მით უკეთესი,“- განაცხადა პარტია ”ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ.
აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციას პირადი შურისძიებით დაემუქრა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ ველს მისთვის მიუღებელი ოპონენტებისგან სრულად გაასუფთავებს.