პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ჩხუბს, როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ირმა ინაშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ენმ-ს დეპუტატს, ნიკა მელიას დაუპირისპირდა, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე ინციდენტთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე საუბრობს. მისივე თქმით, როდესაც ხდება მსგავსი პროვოკაციები, მას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი.
თუმცა, კობახიძის განცხადებით, დღევანდელი რეგლამენტი პარლამენტს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ასეთი სანქციები იყოს დაწესებული და ეს შესაძლებლობა პარლამენტს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი რეგლამენტის ამოქმედებისას მიეცემა.
„ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე მერამდენედ, აღარ ვიცი, მეხუთედ, მეექვსედ, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო სივრცეში მოაწყო პროვოკაცია, რასაც მოჰყვა უკვე ის სურათი, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ მოსწონს. ეს არის მათი ხელწერა, თუმცა ამას უნდა დავუპირისპიროთ, ჩვენ როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხი.
"მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია ახალი რეგლამენტი. რეგლამენტი შეეხება როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენების პრობლემას. გაცდენებს რაც შეეხება, ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას, არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას. გარდა ამისა, უკვე ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მაშინ მას უწყდება უკვე უფლებამოსილება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. არჩევნებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას კრიტიკული გამოსვლის შემდეგ, მასთან ფიზიკური ანგარიშსწორება ირმა ინაშვილმა სცადა.