თუ საქართველო არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და არ დათანხმდება ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურას, ეს ცუდად წარმოაჩენს ქვეყნის დემოკრატიის სიმწიფეს - ასე ეხმაურება ალექსანდერ ვერშბოუ „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმად, ოფიციალური თბილისი ამერიკელი დიპლომატის დანიშვნას ბლოკავს. ვერშბოუ დარწმუნებულია, რომ ბრიჯიტ ბრინქს შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს უამრავი გამოწვევის გამკლავებაში.
“ძალიან შევწუხდი, როდესაც ეს ისტორია "ფორინ ფოლისიში" წავიკითხე. არ ვიცი, დაადასტურეს თუ არა, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს საქართველოს მხრიდან მიღებული ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ის არის უზომოდ კეთილსინდისიერი და დაბალანსებული პიროვნება და მე არ ვფიქრობ, რომ ლოიალურია რომელიმე უცხოელი თუ ადგილობრივი პოლიტიკოსის მიმართ.
"თავისი პროფესიული გამოცდილებით, ის არაჩვეულებრივი ელჩი იქნებოდა იმ დროს, როდესაც საქართველოს კარგი რჩევა სჭირდება. საქართველო ისევ დგას რუსული საფრთხის წინაშე და ქვეყნის შიგნითაც ბევრი გამოწვევა აქვს. ამერიკის ძლიერი ელჩი აქტივს წარმოადგენს და არა პრობლემას,“- აცხადებს ვერშბოუ.
თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ვაშინგტონს შეუძლია, სთხოვოს საქართველოს, გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ თბილისი ასეც მოიქცევა.
„ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს შეუძლია, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვოს, გადახედოს გადაწყვეტილებას. საბოლოოდ, საქართველოს სუვერენულად გადასაწყვეტი იქნება, მიიღოს თუ არა სხვა ქვეყნის მიერ შერჩეული ელჩი. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ საქართველო გადაწყვეტილებას გადახედავს.
"ჩემი აზრით, ეს ცუდად გამოაჩენს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფეს და იქნება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ჰყავდეს ნამდვილად ძლიერი ელჩი, რომელიც იცნობს საქართველოს, არის საქართველოს მეგობარი და შეუძლია, დაეხმაროს იმ ბევრ გამოწვევასთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც დგას,”- ამბობს ვერშბოუ.
საქართველოს მთავრობის წევრები ბრიჯით ბრინქის დაბლოკვის მცდელობას უარყოფენ, თუმცა დღემდე პირდაპირ და მკაფიოდ არ უთქვამთ, მისაღებია თუ არა მათთვის ელჩის პოზიციაზე ბრინქის კანდიდატურა.