მხარდამჭერებს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოჰპარა, რასაც მოქალაქეებმა ადეკვატური პასუხი უნდა გასცენ.
„ქართული სახელმწიფო რეალურად აღმოჩნდა განადგურების საფრთხის წინაშე და ახლა ხშირად ამბობენ, აი, რადიკალიზმის დრო არ არის... არის პერიოდი, როცა რადიკალურ გამოწვევებზე საჭირო არის რადიკალური კონსოლიდაცია და რა თქმა უნდა, ეს პერიოდი საქართველოს ახლა დაუდგა. არჩევნები არის მოპარული. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს დაწერა თავის დასკვნებში. ნახეთ, რა უბადრუკი წარმომადგენლობა ჩამოდის ამ ინაუგურაციაზე. ეს ხომ მაჩვენებელია იმის, რომ მთელი მსოფლიო გეუბნება, აჰა, ჩვენი დასკვნები, აჰა, პრაქტიკულად ჩვენ ძალით ნუ გვაღიარებინებთ იმას, რის აღიარებაც არ შეიძლება, მაგრამ თქვენც გამოიჩინეთ ფხა, თქვენც გაანძრიეთ ხელი და აქ უკვე აღარ არის საკითხი იმაზე, რომ ქოცი, შუაშისტი, ნაციონალი, აქ არის ერთი მხრივ - ივანიშვილი და მეორე მხრივ - დანარჩენი საქართველო.
„ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ჩაიდოს ჯიბეში და მეორე მხრივ, ქართველი ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს თავის ქვეყანა, რომლის ახევასაც ცდილობს ეს ხარბი ოლიგარქი. როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან, არ უნდა იყოს სიძულვილის ენა, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მართლაც არ უნდა იყოს სიძულვილის ენა, მაგრამ როდესაც გვეუბნებიან, რომ სიძულვილი არ უნდა გვქონდეს, უნდა გვქონდეს თუ არა პუტინის სიძულვილი? უნდა გვქონდეს პუტინის სიძულვილი იმიტომ, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. უნდა გვქონდეს თუ არა იმ ადამიანის სიძულვილი, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და სპობს, მათ შორის, პუტინის დავალებით და ასეთი ადამიანი არის ივანიშვილი და მე ვამბობ, დიახ, ჩვენ უნდა გვქონდეს საქართველოს მტრის, ივანიშვილის სიძულვილი მანამ, სანამ ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ამაში უცნაური არაფერი არ არის. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, სახელმწიფო, მომავალი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან საერთო ენა და ჩვენ უნდა გვძულდეს საქართველოს მტერი და ამ შემთხვევაში საქართველოს მტერი არის ეს კაცი - ივანიშვილი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, დღეს ქვეყანაში ყველაფერი ივანიშვილის სურვილის მიხედვით იმართება და მის წინააღმდეგ არავინ არაფერს აკეთებს, რაც უნდა შეიცვალოს.
მიხეილ სააკაშვილი პარალელს ავლებს სომხეთთან, სადაც ხელისუფლება შეიცვალა.
„დღეს საქართველოში მილიონამდე ადამიანი, მილიონამდე აქტიური ამომრჩეველი ვერ ნიშნავს დარაჯსაც კი, სრულიად წარმოუდგენელია პოლიტიკურ პროცესში. ივანიშვილმა თქვენ ყველას გითხრათ უარი, თქვენ ყველას გითხრათ, რომ თქვენ ამ ქვეყანაში არანაირი აქციები, მისი ენით, რომ ვთქვათ, არ გაქვთ. ყველაფერი აქვს მას, მან ეს ყველაფერი იყიდა ბითუმად, ამიტომ ახლა არის მოქმედების დრო.
„გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნის მაგალითი, სადაც ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდათ ოლიგარქებს, ბევრად უფრო მეტი ფული ჰქონდათ და რუსეთის ჯარი დგას ყველგან და მთლიანად აკონტროლებს, პრაქტიკულად ბერკეტების უმეტესობას და მაინც გააკეთა იმიტომ, რომ ხალხი იყო ერთიანი. მაშინ ქართველებმა რატომ ვერ უნდა შევძლოთ იგივე,“ - ამბობს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი თელავში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ სრული მობილიზაციაა საჭირო.
„მე ვიცი, რომ მარტო პარტიები კი არ მიდიან თელავში თუ სხვადასხვა აქციებს აწყობენ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა თვითონ ირაზმება და თვითონ მიდის იმიტომ, რომ არავინ არვის არ უნდა დაელოდოს, ყველა უნდა იყოს ლიდერი. ახლა არ არის, ლიდერები რას გვეტყვიან და სააკაშვილი რას იტყვის ამსტერდამიდან, თუ ადგილზე ვინ რას იტყვის. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ყველანი ვართ ლიდერი საკუთარი თავის გადარჩენაში. ხელი უნდა გაანძრიო, რათა საკუთარი თავი გადაირჩინო, რათა საკუთარი ქვეყანა გადაურჩინო შენს თავს და შენს შვილებს. აქ ლიდერებზე გამოკიდების დრო აღარ არის.
„მან ჩვენი გამარჯვება მოიპარა იმიტომ, რომ ჩვენ ვითამაშეთ წესების მიხედვით და მან ყველა წესი დაარღვია, ახლა წესების დამრღვევს საქართველომ უნდა გასცეს პასუხი და აუცილებლად გასცემს პასუხს. არ შეიძლება, რომ ჩვენმა ერმა შეალახინოს ამ ჯაყოს ჩვენი თავმოყვარეობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.