მმართველი პარტიის ე.წ. ძველი გვარდიის წევრების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისინი ქართული ოცნების რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართულები იყვნენ, ფიცის დადების ცერემონიაზე მოსაწვევები არ მიუღიათ.
მათი თქმით, ინაუგურაციაზე არმიწვევის გამო, მმართველ გუნდზე განაწყენებული არ არიან.
„არ მაქვს მოსაწვევი. მე არ ვარ განაწყენებული იმიტომ, რომ არცერთი მერი არ მიუწვევიათ, არც მე. ვერ ვხედავ დისკრიმინაციას, ეტყობა, საერთო მიდგომაა,“ - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, თამაზ მეჭიაურმა.
ძველი გვარდიის წარმომადგენელმა, ომარ ნიშნიანიძემ, მედიასთან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ფიცის დადების ცერემონიაზე მისაწვევი არ მიუღია.
მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნებიდან, სოსო ჯაჭვლიანი, კი აცხადებს, რომ მან მოსაწვევი მიიღო.
„კი მივიღე. რამეს ნიშნავს ეს, რომ გიწვევენ? ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი ვიყავი გლდანის რაიონში და ალბათ, ამიტომ,“ - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.