19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ტერორი სკოლის მასწავლებლებზე - განათლების სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საგანგებოდ მოემზადა

ზუგდიდი მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, დღეს დაკრძალეს. ია კერზაიას გასვენებაში განათლების სამინისტროდან არავინ ჩავიდა.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ამბობს, რომ დედა საარჩევნო ტერორის დროს მოუკლეს. კერზაიამ ზეწოლას ვერ გაუძლო და ინსულტი განუვითარდა, თუმცა, ის არ ყოფილა ერთადერთი მასწავლებელი სამეგრელოში, რომელსაც ხელისუფლებამ ნამდვილი ჯოჯოხეთ მოუწყო.

კურიერის კითხვებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არ პასუხობს და ემალება  განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის თანამშრომელი, ნოდარ წამალაშვილი, რომელმაც ზუგდიდი მეექვსე სკოლაზე დასკვნა დაწერა, რასაც რეპრესიები მოჰყვა და დირექტორ ია კერზაიას თანამდებობის დატოვება აიძულებდნენ.

ია კერზაიას საქმე არ არის ერთადერთი, როდესაც განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს პედაგოგები და სკოლის ხელმძღვანელები რეპრესიების მოწყობაში ადანაშაულებენ. კურიერის რესპოდენტები ყვებიან, რომ ყველა არჩევნების წინ ურჩ დირექტორებს, ვინც მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობაზე უარს ამბობს, წასვლას აიძულებენ.

განათლების სამინსიტროს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განსაკუთრებით მოემზადა. ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ 2018 წლის 19 სექტემბერს სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად, აუდიტის დეპარტამენტს გამოეყო ინსპექტირების სამსახური და პირდაპირ მინისტრს დაექვემდებარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში მოულოდნელი რევიზიის საკითხებს უკვე მიხეილ ბატიაშვილი პირადად, შუამავლების გარეშე, აკონტროლებს.

ნოდარ წამალაშვილი ფიგურირებს კიდევ ერთ საქმეში, რასაც ლამის ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სენაკის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ყვება, რომ ქართულ ოცნებამ ის არასანდო ადამიანად მიიჩნია და ამიტომ განათლების სამინისტროს პოსტიდან გათავისუფლება დაავალა.

პროკურატურას ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება იმის დასადგენად, ემსხვერპლა თუ კერზაიას რეპრესიებს და ვინ ახდენდა მასზე ზეწოლას. დღეს არსებობს ათობით მოწმე, რომელიც მზად არის, მოყვეს, როგორი ტერორის ქვეშ ჰყავდა განათლების სამინსიტროს დირექტორი, რომელმაც მმართველ პარტიას არჩევნების წინ თანამშრომლობაზე უარი უთხრა.

ის, რომ ია კერზაია პოლიტიკურ პროცესებს შეეწირა, ამაში სკოლაში ყველა დარწმუნებულია. ზოგი ხმამაღლა ამბობს და ზოგიც მხოლოდ პირად საუბრებში. თუმცა, იმას კი ყველა აღიარებს, რომ ინსპექტირების სამსახურის მიერ გამოთქმული პრეტენზიები თითიდან გამოწოვილია.

ამბავი, რომელმაც საქართველო შეძრა, ამ დრომდე გამოუძიებელია. ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ, განათლების მინისტრის არც ერთი საჯარო განმარტება არ გაუკეთებია. 

დღის ამბები