მზადება ინაუგურაციისთვის - თელავში დილიდან სამართალდამცავების მობილიზებაა. თითქმის მთელ ქალაქში შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, განსაკუთრებული შეზღუდვები კი ქალაქის ცენტრშია დაწესებული.
ცენტრში შემავალი ქუჩები პოლიციის პიკაპის ტიპის და დიდი გამავლობის ავტომობილებით არის ჩაკეტილი. ასევე ქუჩებში დგანან სამართალდამცავები.
დღეს ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მასშტაბურ აქციას თელავის ცენტრში გამართავს. ისინი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებენ.
7 საათში კი ერეკლე მეორეს სასახლეში თავისი საპრეზიდენტო ფიცი სალომე ზურაბიშვილმა უნდა დადოს.
40 წუთიან ცერემონიას მმართველი გუნდის წევრები, სამხედროები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში დღის 3 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. ბატონის სასახლეში ჯერ გიორგი მარგველშვილი შემოვა, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიბლიაზე დადებს კონსტიტუციას, პრეზიდენტიც სწორედ ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დაიფიცებს. სწორედ ამ ცერემონიის შემდეგ შევა ძალაში, საქართველოს ახალი კონსტიტუცია.
საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები ჩააბარებენ პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს.