19 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
მივდივართ თელავში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად - ქვემო ქართლის მოსახლეობა მასშტაბურ აქციას უერთდება

თელავში ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბურ აქციას რუსთავიდანაც უერთდებიან.

აეროპორტის გზაზე შეკრებილები არიან ქვემო ქართლიდან მოსახლეობა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებენ.

ქვემო ქართლის კოლონა სხვადასხვა რეგიონიდან წამოსულ აქციის მონაწილეებს ელოდებიან, რის შემდეგაც ერთად წავლენ თელავის მიმართულებით.

ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩვენები მოიპარა და მათი თქმით, სწორედ თელავში ინაუგურაციის პარალელურად დააფიქსირებენ საკუთარ პროტესტს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად არჩევნების მოპარვას და უსამართლობას არ შეეგუებიან.

„ჩვენ ახლა მივდივართ თელავში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად და რაც დღეს ხდება, არც იმას ჰქვია ინაუგურაცია, ისევე, როგორც რაც მოხდა 28-ში, იმას არ ერქვა არჩევნები. ამიტომ ჩვენ ვუერთდებით გაბრაზებული ხალხის დიდ პროტესტს,“ - განაცხადა კირკიტაძემ.

თელავში დილიდან სამართალდამცავების საკმაოდ დიდი მობილიზება შეინიშნება. მთელ ქალაქში თითქმის შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, განსაკუთრებული შეზღუდვები კი ცენტრშია დაწესებული.

დღეს ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გამართავს. 

დღის ამბები