03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
თბილისში შესაძლოა შინაური ცხოველის ყოლა ფასიანი გახდეს

თბილისში შესაძლოა შინაური ცხოველის ყოლა ფასიანი გახდეს. ამ ინციატივით საკრებულოში "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი" შევიდა.

თემურ ფხალაძის უწყების მიერ მომზადებული კანონი საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა.

"ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის" მიერ მომზადებული პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია ძაღლის ან კატის იდენტიფიკაციის მიზნით, ცხოველს სხეულში ჩაუყენოს ჩიპი, გაუკეთოს ტატუ ან იარლიყი.

ახალი ინიციატივის მიხედვით, მოქალაქე, რომელსაც სახლში ჰყავს ცხოველი, ვალდებულია საკუთარი ძაღლი ან კატა აიყვანოს აღიცხვაზე, ყოველწლიურად კი გაიაროს საკონტროლო რეგისტრაცია, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ფასიანი იქნება, თუმცა დოკუემნტში თანხაზე საუბარი არ არის.  

მონიტორინგის ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, იზღუდება შინაური ცხოველის გასეირნების წესიც. დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ცხოველის ქუჩაში გაყვანა ნებადართულია მოკლე საბმელით და ალიკაპით.

იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცხოველის გადაყვანაც. ცხოველის აყვანა ტრანსპორტში მხოლოდ მოკლე საბმელითა და ალიკაპით იქნება შესაძლებელი.

გასეირნებისა და ტრანსპორტით გადაადგილების წესი არ ვრცელდება ხელოვნურად გამოყვანილ პატარა ზომის ძაღლებზე.

ცხოველის მფლობელი ვალდებული იქნება, იმის მიხედვით, თუ რა ცხოველი ჰყავს სახლში, საცხოვრებელი სახლის კარზე სპეციალური ნიშანი დაამაგროს.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა წესიც, თუ რა ფორმით იკრძალება ცხოველის მოკვლა. დოკუმენტის მიხედვით, დაუშვებელია ცხოველის მოკვლა დახრჩობით, გაგუდვით, მოწამვლით, ელექტრომუხტის გამოყენებით, მექანიკური დაძინებით, იძულებითი შიმშილითა და წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით. დოკუმენტში არ არის საუბარი იმაზე, რომ იკრძალება ცხოველის მოკვლა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით.

დღის ამბები